Thursday, September 18, 2014

კოლექციონერი

დღეს ლიტერატურულში წავედით მე და ავთო. ორი წიგნი გამოვიტანე. "ზღვა" და "კოლექციონერი". სათაური პირველის უფრო მომეწონა. კითხვა მანქანაშივე დავიწყე, სანამ დედიკოს ველოდებოდით. დასაწყისი არ მომეწონა. რადგან გადაწყვეტილი მაქვს, რომ არ წავიკითხო წიგნები, რომელიც მტანჯავს,  კითხვა "კოლექციონერით" დავიწყე.

წიგნი "დამწყებ" მანიაკზეა - პეპლების კოლექციონერზე. "კალიბანი" შეყვარებულია გოგონაზე, რომელსაც მოიტაცებს და დაატყვევებს. თავდაპირველად კ-ს დღიურს ვკითხულობთ, შემდეგ დატყვევებული გოგონა - მირანდა წერს. ამ უკანასკნელის ნაწერი გაცილებით საინტერესოა. ვეცდები ჩემთვის რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი გამოვყო. საკითხები, რომლებიც ამ წიგნმა შემახსენა და ვფიქრობ საჭიროა ყველას გვახსოვდეს.

wish you were here  - ეს სიმღერა, ერთ დროს ჩემი ერთ–ერთი საყვარელი სიმღერა იყო. ფლეილისტში მუდმივად მქონდა. მიუხედავად იმისა ვუსმენდი თუ არა ( შეიძლება ერთი თვე არ მომესმინა). მოკლედ, მას ვისაც ჩემსავით უყვარს ეს სიმღერა, კარგად ეცოდინება ტექსტიც, სადაც ტექსტის ავტორი გვეკითხება  - "Did you exchange a walk on part in the war for a lead role in a cage?" 
მე მაინტერესებს, გაცვლიდით თავისუფლებას, სუფთა ჰაერს, მზის სხივებს, მინდვრებს, უცხო ადამიანების სახეებს, ქარს, სულ უმნიშვნელო ხმებს ოქროს გალიაში ცხოვრებაზე? გალიაში, სადაც ყველაფერი გექნებოდათ - ძვირფასი სამოსი, ძვირადღირებული სუნამოები, საყვარელი წიგნები, დახვეწილი მუსიკა, სასურველი საკვები, სითბო და სიგრილე სეზონის მიხედვით, მოკლედ ყველაფერი რისი ყიდვაც ფულით არის შესაძლებელი, გალიაში, რომელშიც მთავარი როლი გექნებოდათ ანუ ბოლოს და ბოლოს იქნებოდით პირველი.  როგორ მოიქცეოდით? ნუ წარმოიდგენთ მაინცდამაინც გალიას. წარმოიდგინეთ უფანჯრო ოთახი, უკვე ნახსენები ნივთებით.

თქვენ ამის გაფიქრებაზეც კი, ერთ წუთში, დააფასებთ თავისუფლებას - არა, როგორც ფილოსოფიურ ტერმინს, არამედ როგორც ხელშესახებ ცნებას - ცას, მზეს, ჰაერს, უნარს, წახვიდეთ სადაც გინდათ, დააკვირდეთ უცნობი ადამიანების სახეებს ტრანსპორტში, ელაპარაკოთ მეგობრებს, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს, მადლობა გადაუხადოთ პურის გამყიდველს, მიმტანს. მოკლედ საკუთარი ცხოვრების პატარ-პატარა დეტალების შესრულების უნარის ქონას.

მოკლედ, წავიკითხე "კოლექციონერი" და უამრავი რამ გადავაფასე. მივხვდი რამდენ რამეს არ ვაფასებ ჩემს ყოველღიურ ცხოვრებაში. რამდენ სასწაულს. მინდა, რომ ასეთი დეტალების დანახვა შევძლოთ.  დიდი "ბედნიერებების" ძებნაში რომ რეალური "ბედნიერებები" არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.

Thursday, May 15, 2014

რჩევები მშობლებს და არა მარტო მათ - როგორ დავსაჯოთ ბავშვები




-შენი ხმა არ გავიგო, თორემ ნახავ როგორც გცემ!!!

ამ სიტყვებმა გაგვახედა მარჯვნივ მე და ჩემს ჯგუფელს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. ახალგაზრდა ქალი, თორმეტ სანტიმეტრიანი ქუსლით, მეუღლით და სამი შვილით "მიმართავდა" ოჯახის ერთ-ერთ მცირეწლოვან წევრს.

- ნახე რაა. როგორ შეიძლება ასე მოექცე ბავშვს?! - აღშფოთდა თათია.
- რა მარაზმია! - ვერც მე დავმალე ემოციები.

თემა გაგვიგრძელდა და იმ დღეს პირველად  გავუმხილე თათიას ჩემი ოცნება იმის შესახებ, რომ როცა "გავიზრდებოდი" შვილს ავიყვანდი.

- ღადაობ? ძალიან მაგარია, მაგრამ მე საკუთარი შვილი მეცოდება წინასწარ, ასეთი აუტანელი დედა რომ ეყოლება და არ მინდა სხვაც გავაუბედურო. ნეტავ ერთნაირად უყვართ საკუთარი და "სხვისი" შვილები?
ჩემი აზრით ერთნაირად ეყვარებათ. როცა ორივეზე ერთნაირად დაიხარჯები, ალბათ ორივე ერთნაირად გეყვარება.
- ხო მაგრამ, მე მაინც არ ავიყვან, არ მინდა ვინმე გავაუბედურო:)
- ნუ, ეგრე ჩემზე აუტანელი არავინ არ მგონია. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაფერს არ ავუკრძალავ. ერთადერთი რასაც ვაიძულებ ეს სწავლაა.
- დამიჯერე მერიკოვერ აიძულებ. ჩემს ახლობელს შვილი ჰყავს, რომელსაც ყველანაირად მიუდგნენ, მაგრამ 9 წლის ბავშვს მეცადინეობა ვერ შეაყვარეს.
- მე ავუხსნი, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა და შეუყვარდება.

ამ პასუხზე თათიამ 9 წლის გოგონას რამდენიმე, მართლა ძალიან სასაცილო ისტორია გაიხსენა და თითქმის დამარწმუნა, რომ შეუძლებელია ვინმეს რამე ძალით შეაყვარო. 

მოტანილმა კერძებმა თემა რამდენიმე წუთში გადაგვავიწა და ალბათ არც გამახსენდებოდა, რომ არა ოთხშაბათი და ია ბერსენაძის ლექცია. ია მას-მა, შეპირებული, თავისი ნათარგმნი წიგნი მაჩუქა - "რომანივით საკითხავი". სათაურიდან გადავწყვიტე, რომ წინ რომანტიკული საკითხავი მელოდა. მაგრამ მაქვს ჩვევა - კითხვის დაწყებამდე წიგნის უკანა გვერდზე ავტორის შესახებ ინფორმაციას ვეცნობი. ამ წიგნის უკანა ყდასაც გადავავლე თვალი. თუმცა უკანა ყდა ავტორის ბიოგრაფიის (ან რაიმე მსგავსის) ნაცვლად, მომავალ მკითხველს "მკითხველის ხელშეუვალ უფლებებს" მაცნობდა:  

1. უფლება - არ წავიკითხოთ
2. უფლება - გამოვტოვოთ გვერდები (გამახსენდა ჩემი უფროსი და, რომელიც სულ პატარას მაიძულებდა წიგნების კითხვას, სადაც  "ბუნების აღწერები"  მეზედმეტებოდა და რომლებსაც, რა თქმა უნდა, "ვახტებოდი").
3. უფლება - ბოლომდე არ წავიკითხოთ ( გამახსენდა "დონ კიხოტი"- წიგნი, რომელიც სამჯერ დავიწყე და ბოლომდე მხოლოდ ორი წლის წინ წავიკითხე. ლევან ბერძენიშვილის ლექციის შემდეგ)
4. უფლება - ხელახლა წავიკითხოთ
5. უფლება - რაც გვინდა, ის წავიკითხოთ
6. უფლება ბოვარიზმისა ( ისევ გამახსენდა - "ყველა ქალშია თუნდაც სულ პატარა ემა ბოვარი"- .. )
7. უფლება - სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ
8. უფლება - საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა,.
9. უფლება - ხმამაღლა ვიკითხოთ.
10. უფლება - არ ვილაპარაკოთ წავითხულზე.


სულ ბოლო გვერდიდან  პირველს დავუბრუნდი და კითხვა დავიწყე. მივხვდი, რომ კითხვისას ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გირჩია წიგნი. სტრიქონებს თვალს ვაყოლებდი და  ია ბერსენაძის ხმაც მესმოდა. მესმოდა მისი სიცილი იქ, სადაც მწერალი ხუმრობდა. იას მკაცრი ტონი იქ, სადაც თავის შვილს ეუბნებოდა - "უნდა იკითხო, შვილო, უნდა იკითხო!"

არ მინდა წიგნი მოგიყვეთ. უბრალოდ 238-მა გვერდმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. დაახლოებით ორ საათში გავიგე როგორ უნდა შეაყვარო ბავშვებს კითხვა და როგორი უნდა იყოს ზოგადად მასწავლებელი/ლექტორი. ამიტომ სულ რამდენიმე სიტყვა მინდა ვუთხრა მომავალ ან უკვე შემდგარ მასწავლებლებს/ლექტორებს:

- თქვენ გაქვთ უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი გავლენა. თქვენი ერთი, სწორად ნათქვამი სიტყვა შეიძლება ყველაზე დიდი სტიმული გახდეს სტუდენტისთვის. არასწორად ნათქვამმა კი სამუდამოდ ათქმევინოს უარი სწავლაზე. და რაც მთავარია, იყავით გულწრფელები. იმიტომ, რომ ყველაზე მარტივად რეალურს და ყალბს ბავშვი ასხვავებს. ადამიანი კი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რაიმეს სწავლის სურვილი, ვფიქრობ, ბავშვად ითვლება.

და ბოლოს, მშობლებო, არ დამავიწყდეს, რასაც სათაურში დაგპირდით. მე და პენაკი გირჩევთ, დასვით ბავშვები კომპიუტერთან და დასაჯეთ ასე - "თუ სადილს ბოლომდე არ შეჭამ დღეს წიგნს ვერ წაიკითხავ"



Tuesday, April 30, 2013

ნანუკა, რომელიც მართლა იცინის :)



შენს ცხოვრებაში ორი ერთნაირი ციფრი გაჩნდა. 2-მა 1 ჩაანაცვლა და შენ უკვე 22-ის ხარ. მინდა ამ ცვლილებამ არ შეცვალოს შენი ხასიათი. იყავი ყოველთვის ასეთი გულწრფელი, ხმაურიანი და მხიარული. მინდა გირჩიო, რომ გაითვალისწინო ჩემი რჩევები, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და მაინც იმას გააკეთებ, რაც მოგინდება. პირველი აბზაცია და უკვე ჩემს მესამე "მინდა"-ს ვწერ. იცი რამდენი რამ მინდა შენთვის? :) მაგალითად, უკვე მერამდენე წელია მინდა რამე გაჩუქო ამ დღეს თუმცა უშედეგოდ :) კიდევ მინდა აღიარო, რომ ყველაზე ლამაზი ხარ და არ გაქვს დიდი ლოყები და უშნო ცხვირი და ხარ ყველაზე მაღალიც :D

შენ ხარ ისეთი განსაკუთრებული, როგორიც უნდა იყოს ჩემი და :) მინდა არ შეგცვალოს გარემოებებმა და გარშემომყოფებმა. ხშირად ისინი არასწორად აფასებენ ადამიანებს და მოვლენებს. შენ კი უნდა იყო ყველაზე ბედნიერი და წარმატებული.

სისულელე იქნება ვწერო იმაზე თუ როგორ მიყვარხარ. ისედაც იცი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების სამეულში ხარ, სადაც სამივეს რიგითი ნომერი 1-ელია :)

მოკლედ, 22 წლის წინ მოხდა ისე, რომ ჩემზე 2 წლით ადრე დაიბადე და ამით ცოტა მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა მოგენიჭა. გილოცავ 22-ე დაბადების დღეს! იყავი ჩემთვის და ჩემთან ერთად :) სიყვარულით მე 

 პ.ს გილოცავს ბარდღუც!

Friday, February 22, 2013

* * *

დღეს ერთ-ერთი იმ "დღეთაგანია", რომელსაც ცუდს ვუწოდებ ხოლმე. ხვალ კი შაბათია. ამ დღეს თითქმის ერთი თვეა კარგი ჰქვია. ლევან ბერძენიშვილის ლექცია მაქვს. არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ასე უყვარდეს ადამიანები, ასე ზუსტად ესმოდეს ცნება  თავისუფლება და ასე განსაკუთრებულად აღიქვამდეს ქალის ფენომენს. არ ვიცი ერთ წინადადებაში როგორ ჩაეტია, მაგრამ ზუსტად ამ "თვისებების" გამო შემიყვარდა ლევან ბერძენიშვილი და მისი ლექციები. კიდევ იმის გამო, რომ გულწრფელია, ჩვეულებრივი (სინამდვილეში არაჩვეულებრივი), განსაკუთრებული, პარიზი უყვარს და რაც მთავარია, ფრანგულად შეუძლია საუბარი.  ახლაც ისევე მიჭირს წერა, როგორც მის ლექციაზე საუბარი. უბრალოდ მინდა, რომ მოვუსმინო და მოვუსმინო. ყოველი შაბათის შემდეგ ცოტათი მაინც ვიზრდები და უკეთესი ვხდები. ნეტავ რამდენ ლექციას უნდა დავესწრო რომ იდეალური გავხდე?
რა ვიცი ლევან ბერძენიშვილზე? - "პოლის" კრუასანები უყვარს ( თუმცა გემოვნება ხშირად ეცვლება და შეიძლება გადაუყვარდეს), იცის რამდენიმე ენა (ქართული, რუსული, ბერძნული, ინგლისური, ფრანგული და შეიძლება ა.შ ), უყვარს ტექნიკა, სილამაზე და ფეხბურთი. რა დამოკიდებულება აქვს ლიტერატურისადმი არ ვიტყვი. უბრალოდ "დონ კიხოტი", "ღვთაებრივი კომედია", "ილიადა","ოდისეა", "ანა კარენინა" და კიდევ რამდენიმე ათეულ წიგნსა და ამდენივე ავტორზეა შეყვარებული.
სისულელეა ცუდ ხასიათზე ყოფნა ( ლევანი ყოველთვის კარგ ხასიათზეა),  ოცნებები ხდება და ერთხელაც აღმოვაჩენ , რომ ფრანგული ვიცი, რომ ბევრი ქვეყანა ვნახე, ბევრ ადამიანს დავეხმარე და თუნდაც 1 ბედნიერი წუთი ვაჩუქე. და ერთხელაც მეყოფა გამბედაობა და საკუთარ თავს ვეტყვი , რომ  სხვა გარემოში მინდა ყოფნა. მივხვდები იმასაც, რომ ვიცხოვრე და სამყარომ გვერდით არ ჩამიარა (© ლ. ბ.)

Tuesday, February 5, 2013

65 რამ, რაც უნდა იცოდე ჩემ შესახებ


1.      რას ვსვამ? - ყავას და ჩაის
2.      რა რაოდენობით? - დიდი რაოდენობით
3.      რა მაწუხებს? - ოცნებების აუსრულებლობა
4.      რა მინდა? - ბევრი მოგზაურობა
5.      რას შევცვლიდი? - თმის ფერს
6.      რა მომწონს? - ბუნებრიობა, ფერწერა და თავისუფლება
7.      როდის ვსაუზმობ? - გაღვიძებიდან უახლოეს 10 წუთში
8.      სად ვიცხოვრებდი? - მონმარტთან ახლოს
9.      რას ვითვალისწინებ? - შენიშვნებს
10.  რას არ ვითვალისწინებ? - რჩევებს
11.  ვის ვენდობი? - დედას
12.  დრო? - გაზაფხული
13.  რას ვკითხულობ? - რასაც ლევან ბერძენიშვილის სილაბუსში ვნახულობ (ახლა)
14.  ცუდი თვისება? - წუწუნი, სიმკაცრე, ეგოიზმი
15.  კარგი თვისება? - პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
16.  საყვარელი ადგილი? - შავი ზღვის სანაპირო
17.  ოცნება? - არ ვამხელ
18.  მწამს? - ღმერთის და ხელოვნების
19.  ვეძებ? - სამსახურს და ერთს
20.  ვიპოვე? - სიმღერა, რომელიც ტაქსში მომეწონა
21.  ბედნიერი ვიქნები, როცა... ? - შევძლებ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებსაც დახმარება მართლა სჭირდებათ
22.   ვნანობ? - ვნანობ, რომ საშინელი ხასიათი მქონდა J
23.  ახლა ვუსმენ? – keane-ს
24.  მეშინია? - ქვეწარმავლების, მარტო ყოფნის, სიბნელის, მანეკენების, რომლებსაც თავი და ვარხნილობა აქვთ.
25.  არასდროს? - არასდროს მშურს
26.  მიყვარს? - სილამაზე, კეთილი ადამიანები და მოხუცებთან საუბარი
27.  არ ვოცნებობ? - ტექნიკაზე
28.  ვჭამ - ბევრ ხილს, ბოსტნეულს და რძის ნაწარმს
29.  ვეწევი? - ცნობისმოყვარე ადამიანის საქმიანობას
30.  არ ვეწევი? - სიგარეტს
31.  არ ვჭამ? - ცხიმიან, ბლანტ და უცნაურ საკვებს
32.  ვიპარავ? - ჩემი დის ტანსაცმელს
33.  არ მინდა? - ვინმეს ვაწყენინო
34.  ვიცი? - რა არ მინდა
35.  არ ვიცი? - რა მინდა
36.  წავიდოდი? - სადმე პარაშუტით
37.  ვბრაზობ? - როცა ჩემს ნივთებს ეხებიან
38.  უარს ვერ ვამბობ? - შოკოლადის იოგურტზე
39.  გამოვიდოდი? - ფედერალური აგენტი J
40.  მაინტერესებს? - აღმოსავლეთი
41.  მიღწევა? - არ მაქვს
42.  ვიცვამ? - მსუბუქად
43.  ვყვები? - ანეგდოტებს
44.  ვეფერები? - ჩემს ძაღლს
45.  ვხატავ? - ყვავილებს
46.  ვკარგავ? - ტელეფონს
47.  მრჩება? - გასაღები
48.  ვერ ვახერხებ? - გზაზე უსაფრთხოდ გადასვლას
49.  სურნელი? - ნესვის და ატმის ყვავილის
50.  მიჭირს?- მათემატიკა და ადრე გაღვიძება
51.  მენატრება? - ბებო და ბიძია
52.  გავიცნობდი? - სარა ჯესიკა პარკერს
53.  სერიალი? – 24  და  sex  and  the city
54.  რიცხვი? – 15
55.  ფერი? - წითელი და შავი
56.  ჟანრი? - დრამა, მელოდრამა
57.  ამინდი? - მზიანი
58.  მავიწყდება? - ის, რაც  არ მაინტერესებს
59.  ვწერ? - ჩემთვის
60.  ვტოვებ? - შემოსულ ზარებს
61.  ვრეკავ? - როცა ანგარიშზე მაქვს
62.  ვაკეთებ? - შოკოლადის ბლინებს
63.  ვმღერი? - როცა არ მისმენენ
64.  ვამოწმებ? - მეილს და დამჯდარია თუ არა ლეპტოპი
65.  გეგმები? - ხვალ რას ვიცვამ