Wednesday, January 16, 2013

ჩემი ძაღლის ფიქრები ♥

გუშინ ნანუკას ოთახში მეძინა. დღეს სამუშაო დღეა და ნანუკა ადრე ადგა. როცა ადრე იღვიძებს ყოველთვის ცუდ ხასიათზეა და ყოველთვის ავიწყდება, რომ მომეფეროს. ნანუკა ყველაზე ძალიან მიყვარს. იმიტომ, რომ ყველაზე ბევრს მეფერება და ძალიან კეთილია. მის ოთახში დაძინებაც იმიტომ მიყვარს, რომ კარს კარგად არასდროს ხურავს, არ მიწევს კართან წკმუტუნი. როცა მინდა მაშინ შემიძლია ოთახში შესვლაც და გამოსვლაც. ახლა სამსახურში წავიდა, მე საქმე არაფერი მაქვს. მერიკოსთან შევიხედავ, იქნებ დღეს მაინც გაიღვიძა ადრე. ახლა არდადაგები აქვს და 1-2 საათამდე სძინავს. ყოველ დღე ვცდილობ ადრე გავაღვიძო. თმას ვულოკავ. მეუბნება , რომ თავი გავანებო. ამიტომ იძულებული ვარ გავჩუმდე და დაველოდო, როდის მოუნდება ადგომა. იმედია, როცა ადგება ჩემი გარეთ გაშვება არ დაავიწყდება. ნატალიც წავიდა სამსახურში. ვხვდები, რომ არ ვუყვარვარ. თითქმის არასდროს მეფერება. ნეტავ რა დავუშავე? აშკარად ის უფრო ავია ვიდრე მე. სასეირნოდ დღესაც მადონას გავყავარ. ნანუკას შემდეგ სწორედ ის მიყვარს. ყოველთვის ახსოვს, რომ მშია და წყალიც მინდა. გარეთ დიდხანს არ ვყოფილვარ, ქარი და სიცივეა. სახლში ამოვედი თუ არ გამათბობელთან დავწექი. ცოტა ხანში მერიკოც ადგა. ყურადღებას არ მაქცევს, სარკეში იყურება და ამბობს, რომ თმის ფერი უნდა შეიცვალოს. მე არ ვიცი უნდა დავეთანხმო თუ არა. ჩემთვის მისი თმა შავია, კანი კი თეთრი. ცოტა ხანში ჩაცმას იწყებს, ერთი ოთახიდან მეორეში შედის და პირიქით. მე უკან დავყვები, ხანდახან ვცდილობ გავასწრო და იფიქროს , რომ თვითონ მომყვება. მეფერება. არ მესმის რატომ მეძახის "კნუტს" ან  "ფისოს" , მერე რა რომ პუდელი ვარ და მოფერება მიყვარს. ამას ისევ "პრინცესა" ჯობია ( ასე ნანუკა მეძახის). არ მიყვარს როცა მერიკო მეფერება, ლამის ცხვირი მომაძროს ხოლმე. მეც რომ შემეძლოს იმავეს გავაკეთებდი და ნახავდა რა მტკივნეულიცაა. ამ ბოლო დროს რაღაც უცნაური ამოიჩემა , უნდა, რომ მასწავლოს მოკვდი-გაცოცხლდი. მე ეს არ მომწონს და არასდროს არ ვკვდები. ნეტავ ახლა სად მიდის? როგორ არ მინდა მარტო დარჩენა!
           წავიდა. მითხრა, რომ ჭკვიანად ვიყო. ბევრი ვიწკმუტუნე კართან მაგრამ მაინც არ წამიყვანა. რა ვაკეთო?! სანამ სახლში ვინმე არ მოვა ვერ დავიძინებ.
           გასაღების ხმა. უკვე ბნელდება. ალბათ მადონაა. ყეფას ვიწყებ. მინდა, რომ მალე შემოვიდეს სახლში. შემოდის. ვახტები, ვეთამაშები . უხარია და ისიც მეფერება. ნეტავ მალე დალიოს ყავა, ცოტა შოკოლადს მეც მაჭმევს. მალე გოგოებიც მოვიდნენ. ფილმს უყურებენ. ტელევიზორში ჩემზე გაცილებით დიდი, თეთრი და ფუმფულა ძაღლი ჩანს. ამბობენ, რომ ლამაზი და ჭკვიანია. მე ვეჭვიანობ და ვცდილობ მათი ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ყეფას ვიწყებ და მინდა როგორღაც ტელევიზორს ავეფარო. არაფერი გამომდის. იცინიან და მეფერებიან. ეს მომწონს.
           ძილის დროა. მინდა ნანუკასთან ისე შევიპარო, რომ ვერ შემამჩნიონ. მაგრამ რატომღაც საღამოობით არასდროს ვავიწყდები მერიკოს. უნდა ნანუკას ოთახიდან გამიყვანოს. ვუღრენ მაგრამ არ ეშინია. ჩემი ღრენის არავის არ ეშინია ( ბავშვების გარდა).  ნანუკას ვუყურებ იქნებ აიძულოს მერიკოს თავი გამანებოს.  მას ჩემი ესმის:
- მერიკო, თავი გაანებე ჩემთან უნდა დარჩენა!
- დედიკომ მომიყვანეო
- არა! მე მინდა, რომ აქ იყოს
- დედიკომ მო- მი- ყვა - ნე -ოოო!
დღეს ნანუკასთან ვერ ვიძინებ.