Thursday, November 22, 2012

ჩემი 90s

      სანამ პოსტის წერას დავიწყებდი გულმოდგინედ ვცდილობდი მეპოვა ფოტო, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავდა იმ მოგონებებს, რომელიც 90-იანებთან მაქვს. 90-იანების ყოველ გახსენებაზე პირველი რაც თავში მომდის ზამთარია.  აი როგორი იყო ჩემს სახლში წელიწადის ეს დრო - მაშინ იყო ჩემი ბებო, რომელიც ცდილობდა არ გაგვყინოდა ფეხები, გვისვამდა კალთაში, გვიკეთებდა ნაწნავს და  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდებოდა სანთლის შუქზე. ვითვლიდით 50-მდე და მერე 50-დან 0-მდე და მეორე წრეზეც არ ვკარგავდით იმედს, რომ შუქი მოვიდოდა.  ბებო გვიყვებოდა ამბებს , რომლებიც უკვე მრავალჯერ გვქონდა მოსმენილი, მაგრამ მაინც ძალიან მოგვწონდა მათი მოსმენა. მერე მოწყენილები მივდიოდით დასაძინებლად და ზოგჯერ სიხარულის გამომხატველი ხმები (უკვე მძინარებს) გვამცნობდა , რომ შუქი მოვიდა.  დილით კი გვხვდებოდა ყინულის ორნამენტებით მოხატული ფანჯრები და ისევ მობუზული სახეები. და როცა თბილისშიც მოვიდოდა ხოლმე თოვლი არცერთ ჩვენგანს აზრადაც არ მოგვდიოდა facebook-ზე ამის დასტატუსება. ამას ორი უმნიშნელოვანესი მიზეზი ჰქონდა:  პირველი ის, რომ ეს სოციალური ქსელი იმ დროს არც არსებობდა და მეორე, როგორც უკვე ვთქვი, ყველას უდიდესი პრობლემა - უშუქობა გვაერთიანებდა. ახალ წელს დიდ უმრავლესობას ბუნებრივი და უშნო ნაძვის ხეები გვქონდა. ჩემი ნაძვის ხე იყო ძალიან მაღალი და ამიტომ მეგონა, რომ იყო ყველაზე ლამაზი და მაგარიც. და ყოველ წელს ვეჯიბრებოდი მეზობლებს ( მათ ეს არ იცოდნენ) და მინდოდა მქონოდა ისეთი ფეიერვერკი, რომელიც ყველაზე შორს გაისროდა და ყოველ წელს ვიგებდი. იშვიათად თბილისშიც იყო ახალი წელი თოვლიანი და ამიტომ ყველაზე ბედნიერიც.  რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით ნამდვილად ერთად. არ გვქონდა ყველაფერი, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ მარტო. უნდა წარმოიდგინოთ რომ, მაშინ "წეროებს" და "ჯეირანს"   request-ების გაგზავნის გარეშე ვთამაშობდით..