Friday, February 22, 2013

* * *

დღეს ერთ-ერთი იმ "დღეთაგანია", რომელსაც ცუდს ვუწოდებ ხოლმე. ხვალ კი შაბათია. ამ დღეს თითქმის ერთი თვეა კარგი ჰქვია. ლევან ბერძენიშვილის ლექცია მაქვს. არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ასე უყვარდეს ადამიანები, ასე ზუსტად ესმოდეს ცნება  თავისუფლება და ასე განსაკუთრებულად აღიქვამდეს ქალის ფენომენს. არ ვიცი ერთ წინადადებაში როგორ ჩაეტია, მაგრამ ზუსტად ამ "თვისებების" გამო შემიყვარდა ლევან ბერძენიშვილი და მისი ლექციები. კიდევ იმის გამო, რომ გულწრფელია, ჩვეულებრივი (სინამდვილეში არაჩვეულებრივი), განსაკუთრებული, პარიზი უყვარს და რაც მთავარია, ფრანგულად შეუძლია საუბარი.  ახლაც ისევე მიჭირს წერა, როგორც მის ლექციაზე საუბარი. უბრალოდ მინდა, რომ მოვუსმინო და მოვუსმინო. ყოველი შაბათის შემდეგ ცოტათი მაინც ვიზრდები და უკეთესი ვხდები. ნეტავ რამდენ ლექციას უნდა დავესწრო რომ იდეალური გავხდე?
რა ვიცი ლევან ბერძენიშვილზე? - "პოლის" კრუასანები უყვარს ( თუმცა გემოვნება ხშირად ეცვლება და შეიძლება გადაუყვარდეს), იცის რამდენიმე ენა (ქართული, რუსული, ბერძნული, ინგლისური, ფრანგული და შეიძლება ა.შ ), უყვარს ტექნიკა, სილამაზე და ფეხბურთი. რა დამოკიდებულება აქვს ლიტერატურისადმი არ ვიტყვი. უბრალოდ "დონ კიხოტი", "ღვთაებრივი კომედია", "ილიადა","ოდისეა", "ანა კარენინა" და კიდევ რამდენიმე ათეულ წიგნსა და ამდენივე ავტორზეა შეყვარებული.
სისულელეა ცუდ ხასიათზე ყოფნა ( ლევანი ყოველთვის კარგ ხასიათზეა),  ოცნებები ხდება და ერთხელაც აღმოვაჩენ , რომ ფრანგული ვიცი, რომ ბევრი ქვეყანა ვნახე, ბევრ ადამიანს დავეხმარე და თუნდაც 1 ბედნიერი წუთი ვაჩუქე. და ერთხელაც მეყოფა გამბედაობა და საკუთარ თავს ვეტყვი , რომ  სხვა გარემოში მინდა ყოფნა. მივხვდები იმასაც, რომ ვიცხოვრე და სამყარომ გვერდით არ ჩამიარა (© ლ. ბ.)

No comments:

Post a Comment