Thursday, May 15, 2014

რჩევები მშობლებს და არა მარტო მათ - როგორ დავსაჯოთ ბავშვები




-შენი ხმა არ გავიგო, თორემ ნახავ როგორც გცემ!!!

ამ სიტყვებმა გაგვახედა მარჯვნივ მე და ჩემს ჯგუფელს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. ახალგაზრდა ქალი, თორმეტ სანტიმეტრიანი ქუსლით, მეუღლით და სამი შვილით "მიმართავდა" ოჯახის ერთ-ერთ მცირეწლოვან წევრს.

- ნახე რაა. როგორ შეიძლება ასე მოექცე ბავშვს?! - აღშფოთდა თათია.
- რა მარაზმია! - ვერც მე დავმალე ემოციები.

თემა გაგვიგრძელდა და იმ დღეს პირველად  გავუმხილე თათიას ჩემი ოცნება იმის შესახებ, რომ როცა "გავიზრდებოდი" შვილს ავიყვანდი.

- ღადაობ? ძალიან მაგარია, მაგრამ მე საკუთარი შვილი მეცოდება წინასწარ, ასეთი აუტანელი დედა რომ ეყოლება და არ მინდა სხვაც გავაუბედურო. ნეტავ ერთნაირად უყვართ საკუთარი და "სხვისი" შვილები?
ჩემი აზრით ერთნაირად ეყვარებათ. როცა ორივეზე ერთნაირად დაიხარჯები, ალბათ ორივე ერთნაირად გეყვარება.
- ხო მაგრამ, მე მაინც არ ავიყვან, არ მინდა ვინმე გავაუბედურო:)
- ნუ, ეგრე ჩემზე აუტანელი არავინ არ მგონია. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაფერს არ ავუკრძალავ. ერთადერთი რასაც ვაიძულებ ეს სწავლაა.
- დამიჯერე მერიკოვერ აიძულებ. ჩემს ახლობელს შვილი ჰყავს, რომელსაც ყველანაირად მიუდგნენ, მაგრამ 9 წლის ბავშვს მეცადინეობა ვერ შეაყვარეს.
- მე ავუხსნი, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა და შეუყვარდება.

ამ პასუხზე თათიამ 9 წლის გოგონას რამდენიმე, მართლა ძალიან სასაცილო ისტორია გაიხსენა და თითქმის დამარწმუნა, რომ შეუძლებელია ვინმეს რამე ძალით შეაყვარო. 

მოტანილმა კერძებმა თემა რამდენიმე წუთში გადაგვავიწა და ალბათ არც გამახსენდებოდა, რომ არა ოთხშაბათი და ია ბერსენაძის ლექცია. ია მას-მა, შეპირებული, თავისი ნათარგმნი წიგნი მაჩუქა - "რომანივით საკითხავი". სათაურიდან გადავწყვიტე, რომ წინ რომანტიკული საკითხავი მელოდა. მაგრამ მაქვს ჩვევა - კითხვის დაწყებამდე წიგნის უკანა გვერდზე ავტორის შესახებ ინფორმაციას ვეცნობი. ამ წიგნის უკანა ყდასაც გადავავლე თვალი. თუმცა უკანა ყდა ავტორის ბიოგრაფიის (ან რაიმე მსგავსის) ნაცვლად, მომავალ მკითხველს "მკითხველის ხელშეუვალ უფლებებს" მაცნობდა:  

1. უფლება - არ წავიკითხოთ
2. უფლება - გამოვტოვოთ გვერდები (გამახსენდა ჩემი უფროსი და, რომელიც სულ პატარას მაიძულებდა წიგნების კითხვას, სადაც  "ბუნების აღწერები"  მეზედმეტებოდა და რომლებსაც, რა თქმა უნდა, "ვახტებოდი").
3. უფლება - ბოლომდე არ წავიკითხოთ ( გამახსენდა "დონ კიხოტი"- წიგნი, რომელიც სამჯერ დავიწყე და ბოლომდე მხოლოდ ორი წლის წინ წავიკითხე. ლევან ბერძენიშვილის ლექციის შემდეგ)
4. უფლება - ხელახლა წავიკითხოთ
5. უფლება - რაც გვინდა, ის წავიკითხოთ
6. უფლება ბოვარიზმისა ( ისევ გამახსენდა - "ყველა ქალშია თუნდაც სულ პატარა ემა ბოვარი"- .. )
7. უფლება - სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ
8. უფლება - საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა,.
9. უფლება - ხმამაღლა ვიკითხოთ.
10. უფლება - არ ვილაპარაკოთ წავითხულზე.


სულ ბოლო გვერდიდან  პირველს დავუბრუნდი და კითხვა დავიწყე. მივხვდი, რომ კითხვისას ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გირჩია წიგნი. სტრიქონებს თვალს ვაყოლებდი და  ია ბერსენაძის ხმაც მესმოდა. მესმოდა მისი სიცილი იქ, სადაც მწერალი ხუმრობდა. იას მკაცრი ტონი იქ, სადაც თავის შვილს ეუბნებოდა - "უნდა იკითხო, შვილო, უნდა იკითხო!"

არ მინდა წიგნი მოგიყვეთ. უბრალოდ 238-მა გვერდმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. დაახლოებით ორ საათში გავიგე როგორ უნდა შეაყვარო ბავშვებს კითხვა და როგორი უნდა იყოს ზოგადად მასწავლებელი/ლექტორი. ამიტომ სულ რამდენიმე სიტყვა მინდა ვუთხრა მომავალ ან უკვე შემდგარ მასწავლებლებს/ლექტორებს:

- თქვენ გაქვთ უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი გავლენა. თქვენი ერთი, სწორად ნათქვამი სიტყვა შეიძლება ყველაზე დიდი სტიმული გახდეს სტუდენტისთვის. არასწორად ნათქვამმა კი სამუდამოდ ათქმევინოს უარი სწავლაზე. და რაც მთავარია, იყავით გულწრფელები. იმიტომ, რომ ყველაზე მარტივად რეალურს და ყალბს ბავშვი ასხვავებს. ადამიანი კი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რაიმეს სწავლის სურვილი, ვფიქრობ, ბავშვად ითვლება.

და ბოლოს, მშობლებო, არ დამავიწყდეს, რასაც სათაურში დაგპირდით. მე და პენაკი გირჩევთ, დასვით ბავშვები კომპიუტერთან და დასაჯეთ ასე - "თუ სადილს ბოლომდე არ შეჭამ დღეს წიგნს ვერ წაიკითხავ"



1 comment: