Thursday, September 18, 2014

კოლექციონერი

დღეს ლიტერატურულში წავედით მე და ავთო. ორი წიგნი გამოვიტანე. "ზღვა" და "კოლექციონერი". სათაური პირველის უფრო მომეწონა. კითხვა მანქანაშივე დავიწყე, სანამ დედიკოს ველოდებოდით. დასაწყისი არ მომეწონა. რადგან გადაწყვეტილი მაქვს, რომ არ წავიკითხო წიგნები, რომელიც მტანჯავს,  კითხვა "კოლექციონერით" დავიწყე.

წიგნი "დამწყებ" მანიაკზეა - პეპლების კოლექციონერზე. "კალიბანი" შეყვარებულია გოგონაზე, რომელსაც მოიტაცებს და დაატყვევებს. თავდაპირველად კ-ს დღიურს ვკითხულობთ, შემდეგ დატყვევებული გოგონა - მირანდა წერს. ამ უკანასკნელის ნაწერი გაცილებით საინტერესოა. ვეცდები ჩემთვის რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი გამოვყო. საკითხები, რომლებიც ამ წიგნმა შემახსენა და ვფიქრობ საჭიროა ყველას გვახსოვდეს.

wish you were here  - ეს სიმღერა, ერთ დროს ჩემი ერთ–ერთი საყვარელი სიმღერა იყო. ფლეილისტში მუდმივად მქონდა. მიუხედავად იმისა ვუსმენდი თუ არა ( შეიძლება ერთი თვე არ მომესმინა). მოკლედ, მას ვისაც ჩემსავით უყვარს ეს სიმღერა, კარგად ეცოდინება ტექსტიც, სადაც ტექსტის ავტორი გვეკითხება  - "Did you exchange a walk on part in the war for a lead role in a cage?" 
მე მაინტერესებს, გაცვლიდით თავისუფლებას, სუფთა ჰაერს, მზის სხივებს, მინდვრებს, უცხო ადამიანების სახეებს, ქარს, სულ უმნიშვნელო ხმებს ოქროს გალიაში ცხოვრებაზე? გალიაში, სადაც ყველაფერი გექნებოდათ - ძვირფასი სამოსი, ძვირადღირებული სუნამოები, საყვარელი წიგნები, დახვეწილი მუსიკა, სასურველი საკვები, სითბო და სიგრილე სეზონის მიხედვით, მოკლედ ყველაფერი რისი ყიდვაც ფულით არის შესაძლებელი, გალიაში, რომელშიც მთავარი როლი გექნებოდათ ანუ ბოლოს და ბოლოს იქნებოდით პირველი.  როგორ მოიქცეოდით? ნუ წარმოიდგენთ მაინცდამაინც გალიას. წარმოიდგინეთ უფანჯრო ოთახი, უკვე ნახსენები ნივთებით.

თქვენ ამის გაფიქრებაზეც კი, ერთ წუთში, დააფასებთ თავისუფლებას - არა, როგორც ფილოსოფიურ ტერმინს, არამედ როგორც ხელშესახებ ცნებას - ცას, მზეს, ჰაერს, უნარს, წახვიდეთ სადაც გინდათ, დააკვირდეთ უცნობი ადამიანების სახეებს ტრანსპორტში, ელაპარაკოთ მეგობრებს, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს, მადლობა გადაუხადოთ პურის გამყიდველს, მიმტანს. მოკლედ საკუთარი ცხოვრების პატარ-პატარა დეტალების შესრულების უნარის ქონას.

მოკლედ, წავიკითხე "კოლექციონერი" და უამრავი რამ გადავაფასე. მივხვდი რამდენ რამეს არ ვაფასებ ჩემს ყოველღიურ ცხოვრებაში. რამდენ სასწაულს. მინდა, რომ ასეთი დეტალების დანახვა შევძლოთ.  დიდი "ბედნიერებების" ძებნაში რომ რეალური "ბედნიერებები" არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.

No comments:

Post a Comment